19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
აფხაზეთში, მიტოვებულ სახლში, რუსი ბლოგერის ცხედარი იპოვეს - ის 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილის" შედეგად გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში 40 წლის რუსი ბლოგერი ვიტალი ვიგრანოვსკი დაიღუპა, რომელმაც ექსპერიმენტისთვის 40-დღიანი შიმშილობა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მამაკაცს "იუთუბზე" თავისი ბლოგი ჰქონდა, რომელშიც ხშირად საუბრობდა, რომ საკუთარი თავის გამოცდას და 40 დღე საჭმლისა და წყლის გარეშე გაძლებას გეგმავდა. შიმშილობა მან მოსკოვში დაიწყო.

მე-10 დღეს ბლოგერმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ქალაქის ატმოსფერო აღარ მოსწონდა, ამიტომ აფხაზეთში გაემგზავრა. მე-20 დღეს ვიგრანოვსკი ყვებოდა, რომ თავს განწმენდილად გრძნობს, თუმცა გახდა და ფიზიკური აქტივობისთვის ძალები აღარ აქვს. 35-ე დღეს მამაკაცი სიკვდილის პირას იყო, მაგრამ შიმშილობა არ შეუწყვეტია.

"როგორ გავიარე ეს გზა? ეს იყო გამოწვევა, რომელიც მივიღე. ძალიან საინტერესოა. გავთავისუფლდი პარაზიტებისგან, აღარ მაქვს საჭმლის მიმართ მიზიდულობა. სხეული მთლიანად განახლდა, თითოეული უჯრედი,"- აცხადებდა ბლოგერი.

ბლოგერის ახლობლები სოციალური ქსელში წერენ, რომ ის მშრალი შიმშილობიდან გამოსვლისას დაიღუპა. 

ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიტალი ვიგრანოვსკის სიკვდილი კრიმინალური ხასიათის არაა, სხეულზე ძალადობის რაიმე ნიშანი არ ყოფილა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის თანაშემწემ განაცხადა. ბადრი აიბას თქმით, გვამის აღმოჩენის შესახებ შეტყობინება მილიციაში 2 მაისს დილით შევიდა. ბლოგერი  გუდაუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ანუხვაში მიტოვებულ სახლში იპოვეს.

საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველების განცხადებით, აღმოჩენილი ცხედარი არაბუნებრივ მდგომარეობაში იყო, რაც იმით აიხსნა, რომ ბლოგერი სიკვდილამდე სამკურნალო იოგით იყო დაკავებული.

დღის ამბები