19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
კიდევ უფრო გამკაცრებული შეზღუდვები ოკუპირებულ ახალგორში - "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა 300 პირის "შავი სია", რომელთაც ე.წ. საზღვრის კვეთა ეკრძალებათ

შევიწროების არეალი ფართოვდება. ოკუპირებული ახალგორიდან "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა იმ პირთა სია, რომელთაც ე.წ. საზღვრის კვეთა ეკრძალებათ. ნუსხა 300-მდე სახელს და გვარს მოიცავს. მათ შორის როგორც საქართველოს, ისე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეები არიან. რა კრიტერიუმებით მოხვდნენ აკრძალულ სიაში, თავადაც არ იციან.

თავისუფალი გადაადგილება - ფუნდამენტური უფლება როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო აქტებით. უფლება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად არღვევს და უკანონობის მასშტაბებს ზრდის. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციები ეთნიკური ნიშნით დევნას ასახელებენ.

შეზღუდვები ეხებათ ქართული სანომრე ნიშნების მქონე ავტომფლობელებსაც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი გადაადგილება ჯარიმით დაისჯება. საოკუპაციო რეჟიმი მათ ტერიტორიის დატოვებას აიძულებს და ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნების საშუალებას აღარ აძლევს.

ახალგორში მიმდინარე პროცესებს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ეხმაურებიან.

საოკუპაციო რეჟიმმა მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოსთან კავშირი 2019 წლის 5 სექტემბერს აუკრძალა. ე.წ. "საზღვარი" მხოლოდ რამდენჯერმე პენსიონერებისთვის გაიხსნა. შეზღუდვას მოჰყვა მსხვერპლიც. 20-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ იმის გამო გარდაიცვალა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები