მეორე ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში - აბიტურიენტები პროცესისთვის ემზადებიან, რომელიც პირველი ივლისიდან დაიწყება.
ძალაში რჩება კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები, თუმცა იქნება სიახლეებიც.
"წელს შარშანდელისგან განსხვავებით გვაქვს ორ-ორი სესია, როგორც დილის, ასევე შუადღის სესია. ამიტომ, აბიტურიენტებმა დეტალურად უნდა ნახონ, რომელ სესიაში გამოცხადნენ და რომელ საათზე. ასევე მათ შევახსენებ, რომ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დაწყებამდე უნდა გამოცხადდნენ.
ისევე როგორც წინა წლებში, თუკი აბიტურიენტი დაიგვიანებს გამოცდაზე, ის სამწუხაროდ საგამოცდო პროცესს გამოეთიშება,"- აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, როგორც წინა წელს, ამ წელსაც იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდის პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, ყველა საგანში ჩაუტარდებათ დამატებითი გამოცდა.
"დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არც ერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესის მიღმა. ყველა საგანში ჩატარდება დამატებითი გამოცდა იმ პირებისთვის, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ,"- განნმარტა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
ამასთან, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდემიოლოგებმა კოვიდთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, საგამოცდო პერიოდზეც იმსჯელეს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევები მცირდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოხსნილია, დარჩენილია გარკვეული რეგულაციები, რომლებიც გავრცელდება საგამოცდო სივრცეზეც. მაგალითად დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.