ქვეყანაში ამჟამად დომინანტურ კორონავირუსის ბრიტანულ შტამს ინდური ვარიანტი, სავარაუდოდ, მალე ჩაანაცვლებს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არაოფიციალური მონაცემებით, ინდურ შტამზე დღესდღეობით საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის. იქნება, თუ არა საქართველოში მეოთხე ტალღა - ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
"საქართველოში არსებული შემთხვევების 10% მოდის ინდურ შტამზე. ახლა რაც შეეხება გახდება, თუ არა დომინანტური - არ ვიცით იმიტომ, რომ ჯერჯერობით ბრიტანული შტამია დომინანტი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული ჩინური შტამი, და ბოლოს უკვე გამოჩნდა ცნობები, კვლევები, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბრიტანული შტამი.
მეოთხე ტალღა იქნება თუ არა ჩვენთან, მთლიანად დამოკიდებულია შეასრულებსმ, თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს. პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. თუ ინდური შტამი გავრცელდა, შესაძლოა მან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის მოსვლას," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში და პროფესორი დევი ტაბიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი სწრაფად გავრცელებადია და ოდნავ განსხვავებულია იმ კლინიკური ნიშნებისაგან, რაც მაგალითად ჰქონდა ინგლისურს და ჩვეულებრივ COVID-19-ს. მათ შორის არის ყელისა და თავის ტკივილი. მცირე სურდოს სახით. პროფესორის განმარტებით, ძირითადი მიმღები ისევ და ისევ ბავშვები არიან.