27 ივლისი 2021,   00:16
ვრცლად
ირანელი ბიზნესმენის ანგარიშიდან თანხის მითვისების საქმეზე, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

მოქმედი პოლიციელისა და კუდის ყოფილი თანამშრომლის მონაწილეობით თაღლითური სქემის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოზე განიხილეს დაცვის მხარის რამდენიმე შუამდგომლობა, რომელთაგან ერთ-ერთი შეეხებოდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი გამომძიებლის, ბრალდებულ ლაშა მელიქიას პატიმრობიდან გათავისუფლებას. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ლაშა მელიქია ერთადერთია ბრალდებულებიდან, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არავითარი ფაქტი არ არსებობს. 

"მე ვეუბნები ბრალდების მხარეს, ერთი დოკუმენტი მანახონ, რომ ბრალდებულების ჩვენებით ან ვერსიით, ლაშა მელიქიამ ან თანხა მიითვისა, ან თანხა გადმოირიცხა, ან ლაშა მელიქია იყო ნოტარიუსთან, გააყალბა დოკუმენტი ან ლაშა მელიქია იყო ბანკში - ეს არის სიცრუე. იმისათვის, რომ ბრალდებულებმა თავისი ოჯახის წევრები, თავისი ახლობლები, ნოტარიუსები, შუამავლები, ასევე ბანკისა თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადაარჩინონ, ხელი დაადეს ლაშა მელიქიას,"-აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, იმ ბრალდებულებთან, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ,  პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. დღეს საქმის პროკურორმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"მათ გადაწყვიტეს, რომ მთლიანად, ერთიანად დაუფლებოდნენ დაზარალებულის კუთვნილ თანხას, რისთვისაც მოიძიეს დაზარალებულის ვიზუალურად მსგავსი პიროვნება, მიიყვანეს სანოტარო ბიუროში და დაამზადეს ყალბი მინდობილობები. შემდეგ, ეს მინდობილობები მიიტანეს ბანკში და მოითხოვეს თანხის გატანა. თუმცა, მათი დანაშაული ამ ნაწილში ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი,"-აცხადებს პროკურორი ვაჟა თოდუა. 

თაღლითური სქემის შესახებ სიუჟეტი ორი დღის წინ, P.S-ში გავიდა. როგორც ირკვევა, ირანელი ბიზნესმენის ანგარიშიდან მილიონობით დოლარის მიითვისეს, რაც დამნაშავეთა ჯგუფმა ყალბი დოკუმენტაციით მოახერხა. 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები