19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
რატომ შეიქმნა "ასტრაზენეკას" დეფიციტი - ​საკითხის შესასწავლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში აუდიტი შევიდა

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრში შევიდა. მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესში "ასტრაზენეკას" გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. რამ გამოიწვია შეფერხება, ეს სპეციალური ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა.

NCDC-ში აუდიტის შესვლას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, თუმცა აცხადებს, რომ საქმე გვაქვს დეფიციტური ხარჯვასთან და არა ვაქცინების გაქრობასთან ან დანაკლისთან:

"გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. დღესაც გახლდნენ ჩვენთან. არავითარი დანაკლისი და არავითარი გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ის პირები რომლებსაც 10-12 კვირა უსრულდებათ პირველი აცრიდან,  "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციას შეძლებენ:

""ასტრაზენეკაზე" ვერ ვცრით პირველი დოზით მოქალაქეებს და ვცრით და ავცრით ყველა ადამიანს, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-12 კვირა,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ სხვა ვაქცინების მსგავსად "ასტრაზენეკას" მთლიანი მარაგის ორად გაყოფა არ ხერხდებოდა. მისივე თქმით, შექმნილი პრობლემის მიზეზს აუდიტი გაარკვევს:

"აუდიტი გაარკვევს, გამოიკვლევს, დადებს. წაიღეს ყველა საბუთი, როდის მოვიდა, სად მოვიდა, რამდენი მოვიდა, რა კონტრაქტი იყო, როგორი იყო და ასე შემდეგ. ვერ მოგვაწოდა კოვაქსმა და ჩვენ თითოეულ დოზას, როგორც სხვა ვაქცინებზე ვქენით, რომელსაც ერთ თვეში მეორე დოზა უწევს ამას ვერ გავყოფდით შუაზე," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსში ასტრაზენეკას ვაქცინის მესამე პარტიის შემოსვლა შეფერხდა, რის გამოც რამდენიმე ათას დოზაზე დეფიციტი შეიქმნა.

დღის ამბები