პრემია "საბას" ფინალისტების დასახელებას პროტესტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ჟიურიმ 8 სხვადასხვა კატეგორიისთვის 31 წიგნი შეარჩია, მწერალთა ნაწილმა უკმაყოფილება არ დამალა. მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ჟიური, როდესაც ნაწარმოებებს აფასებენ. მწერლების მხრიდან კრიტიკას იწვევს ის, რომ პროცესი არ არის გამჭირვალე და მეტი სიცხადისთვის, მათი თქმით, აუცილებელია ჟიურიმ საკუთარი არჩევანი დაასაბუთოს ხოლმე.
კრიტერიუმებსა და არგუმენტებზე ჟიური ჯერ ღიად ვერ ისაუბრებს, მათი ვინაობა უშუალოდ დაჯილდოების დღეს გახდება ცნობილი. პრემია "საბას" წარმომადგენლები "კურიერს" პასუხს წერილობით უგზავნიან.
"მიგვაჩნია, რომ სწორედ დასკვნითი ეტაპის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი დისკუსია, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება როგორც გამარჯვებულები, ასევე ჟიურის წევრები და მათი არგუმენტები, თუ რას ეფუძნებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებები, მანამდე კი ფინალისტებს წარმატებებს ვუსურვებთ."
"საბას" გარშემო ვნებათაღელვა არ არის პირველი, ყოველ წელს ისმის განსხვავებული აზრი და ბრალდებები, თუმცა პრემია მაინც მთავარ ლიტერატურულ მოვლენად რჩება. 19 წლის განმავლობაში გაცემულია 172 ჯილდო და "საბა" 139 ავტორს აქვს მიღებული. განსაკუთრებული მოლოდინია ახლაც, ვინ გაიმარჯვებს და როგორი იქნება ჟიურის შეფასება ეს დაახლოებით სამ თვეში, დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
ავტორი: მარიამ ჯანელიძე