20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
მარინა ენდელაძე მოქალაქეებს მოუწოდებს 500 კაციანი ქორწილები და დიდი ქელეხები არ გადაიხადონ

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მოიხსნა, მოქალაქეებმა დიდი ქორწილები და ქელეხები მაინც არ უნდა გადაიხადონ.

ამასთან, ენდელაძის თქმით, ახალმა შტამებმა ახალგაზრდებში მძიმე შემთხვევების მატება გამოიწვია.

"წინა პერიოდში ამდენი ახალგაზრდა მძიმე არ იყო. ბრიტანული შტამის დროსაც გვყავდა ჩვენ მძიმე პაციენტები, 21 წლის, 40 წლის. გაახალგაზრდავდა, ზოგადად მაინც ხანდაზმული ჭარბობს, მაგრამ წინა ტალღაზე ახალგაზრდები ისე მძიმე, როგორც ახლა. ეს შტამები წამოვიდა ისე, რომ ახალგაზრდებსაც ამძიმებს. ეს ჯერ კიდევ ამოუცნობი ვირუსია.

შემოდგომაზე შარშანდელ სიტუაციას არ ველოდები, მაგრამ ვფიქრობ მატება მაინც იქნება. რეგულაციები ალბათ ისევ იქნება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ეს არ უნდა გვჭირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ უნდა გადაიხადოს 500 და 300 კაციანი ქორწილი. ასეთი მოცემულობა შეიქმნა მსოფლიოში, იმას რასაც ვაკეთებდით ადრე, ყველაფერს ვეღარ გავაკეთებთ. აღარ უნდა იყოს დიდი ქელეხები და ღრეობები, და ამ შემთხვევაში არ იქნება დრამატული მატება, როგორიც გვქონდა," - აღნიშნა ენდელაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ და 2 თვის შემდეგ გარდაიცვალნენ, აღრიცხულნი არიან როგორც კორონავირუსისგან გარდაცვლილები.

"COVID-19-ით გარდაცვლილ ადამიანების უმეტესობას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, ამას ვამბობ, მაგალითად ჩემი კლინიკის მაგალითზე. თუმცა ადამიანები, რომლებსაც COVID-19 დაემართათ და 2 თვის შემდეგ გარდაიცვალნენ, ყველას შემთხვევა აღრიცხულია, როგორც კორონავირუსისგან გარდაცვლილები," - განაცხადა ენდელაძემ.

დღის ამბები