გვიან ღამემდე გაგრძელდა თაბუკაშვილის პოლიციაში ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავებული მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა. "რუსთავის 2-ის" ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა დეტალურად გაიხსენეს მათზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.
ძალადობრივმა ჯგუფებმა "რუსთავი 2-ის" 7 თანამშრომელს სცემეს, დაუმტვრიეს კამერები, ესროდნენ ქვებსა და ბოთლებს, აგინებდნენ.
ძალადობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
"რეალურად მივაწოდე ინფორმაცია, რაც იყო მთელი დღის განმავლობაში და რაც გადაგვხვდა, როგორც მე და ჩემს ოპერატორს, ასევე ჩემს კოლეგებს სხვადასხვა არხებიდან. მოვყევი იმ ძალადობრივი ფაქტების შესახებ, რასაც შევესწარი, მოვყევი როგორ დაეჯახა ჩვენს თვალწინ გამიზნულად შუახნის მამაკაცი ჩემს ჟურნალისტსა და ჩემივე არხის ოპერატორს შოთა სიკინჭილაშვილს და თამარ თათარაშვილს. ვერ ვიტყვი, რომ შევძლებ მათ ამოცნობას, სილუეტებად მახსოვს ეს ადამიანები," - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ბახტაძის განცხადებით, სამართალდამცავებს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომლითაც შესაძლოა დაადგინონ ის პირები, რომლებიც გუშინ ჟურნალისტებზე ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.