20 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება გორში - "კურიერის" ინფორმაციით, "ტრუტის" მკვლელობა, რომელიც "სემსოტას" ბრალდებოდა, საკუთარ თავზე ვახტანგ ზერეკიძემ აიღო

გორში 4 ივნისს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. ვახტანგ ზერეკიძეს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ეძებდა. ის პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ამ საქმეზე მანამდე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი ზედმეტსახელად "სემსოტა" დააკავეს. შალვა გულიაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

პოლიციაში ზერეკიძის ჩაბარების შემდეგ, გორში მომხდარი რეზონანსული მკვლელობის საქმე შესაძლოა არსებითად შეიცვალოს. "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ზურაბ რიკრიკაძის, იგივე "ტრუტის" მკვლელობა, რომელიც აქამდე "სემსოტას" ბრალდებოდა, საკუთარ თავზე ვახტანგ ზერეკიძემ აიღო. საქმის მასალებითაც, ცნობილი იყო, რომ კრიმინალური გარჩევისას "სემსოტა" და ზერეკიძე ერთად იმყოფებოდნენ.

ზერეკიძე და კრიმინალური ავტორიტეტი "სემსოტა" დიდი ხნის ნაცნობები არიან. ახლა მათ საერთო ადვოკატი იცავთ, რომელიც ამბობს, რომ 29 ივნისს სამართალდამცველებმა ძებნილი გულიაშვილი მტკიცებულებების გარეშე დააკავეს. "სემსოტას" ამ დროისთვის ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ედება, თუმცა გამოძიების მტკიცებით, მას დაკავებისას ნარკოტიკიც აღმოუჩინეს.

რამ გადააწყვეტინა ზერეკიძეს პოლიციაში საკუთარი ნებით მისვლა და დანაშაულის საკუთარ თავზე აღება. ხომ არ იყო ეს კრიმინალური ავტორიტეტის ციხიდან დაიხსნის მცდელობა, ვახო ზერეკიძის ახლობლებს ამ საკითხზე საუბარი უჭირთ.

გორში, ავტომობილების სახელოსნოსთან ზურაბ რიკრიკაძე სასიკვდილოდ 4 ივნისს დაჭრეს. ის საფრანგეთიდან საქართველოში რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო. გარდაცვლილის ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ცნობილია, რომ კონფლიქტი სოციალურ ქსელში, მიმოწერას უკავშირდება. დაპირისპირებაში ერთად ფიგურირებენ კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი და ვახო ზერეკიძე.

"სემსოტა" მომხდარიდან 25 დღის შემდეგ, პოლიციამ გორში დააკავა. როგორ გაგრძელდება სისხლის სამართლის საქმე და აგებს პასუხს ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობისთვის, ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები