1398 კოვიდ ინფიცირებული და 11 გარდაცვლილი. ეპიდვითარება მძიმდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ე.წ დელტა შტამი ბავშვებისათვის განსაკუთრებით საშიშია და ქვეყანამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. ექიმები ნაადრევად მიიჩნევენ შეზღუდვების მოხსნას და ქვეყანაში არსებული ვითარების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად სწორედ რეგულაციების შემსუბუქებას ასახელებენ.
"შეიძლება უკვე ითქვას, რომ საქართველო მე-4 ტალღის საწყის სტადიაშია, სადღაც 4-6 კვირის განმავლობაში უფრო მეტად მოიმატა მიმართვიანობამ სტაციონარებში. მეორე ტალღისას ვაფიქსირებდით ბავშვებში შედარებით მსუბუქ მიმდინარეობას, ნაკლები იყო ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ძალიან ცოტა იყო მიმართვიანობა, პრაქტიკულად ერთეული ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი იყო. განსხვავებული რეალობა გვაქვს ახლა, უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას," - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
სტაციონარში ბავშვთა წილის ზრდას ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძეც:
"ვირუსს ქცევა ნამდვილად შეცვლილი აქვს, გაიზარდა ბავშვებში ავადობა, ასევე სიმძიმეც ცოტა უფრო მეტია ბოლო პერიოდში სტაციონარში მოხვედრილ პაციენტებთან დაკავშირებით, ინტენსიური მოვლის რეჟიმში შედარებით მეტი პაციენტია," - განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.