31 აგვისტო 2026,   18:27
ვრცლად
საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა ცვლილება მის ფორმირებასა და შესრულებაზე გავლენას არ ახდენს - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება "ბიზნეს მედია საქართველოს" - (bm.ge) მიერ, გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებების შემცველ ინტერვიუს (აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველ პარტნიორთან, დავით პაპიაშვილთან) და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეყრდნობა საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას საგადასახადო რისკების ინდიკატორებზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების შესწავლას.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ დავით პაპიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ციტატა - "წელს, აგვისტოს თვეში შემოსავლების სამსახურის ძალიან გააქტიურება შეინიშნება და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მათ შორის, ხელმძღვანელობის ცვლილებას" არის სრული სიცრუე და მისი მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას. ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება სრულად დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების ცვლილება მის ფორმირებასა და შესაბამისად შესრულებაზე გავლენას არ ახდენს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველი შემდგომი კალენდარული წლის საოპერაციო აქტივობების, მათ შორის საგადასახადო შემოწმებების, გეგმის შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება წინასწარ, მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე. დაგეგმვის პროცესი შეესაბამება მოწინავე საერთაშირისო პრაქტიკას და ეყრდნობა სტანდარტიზებულ პროცედურებს. დამტკიცებული საოპერაციო გეგმები ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და ყოველწლიურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge ყველა დაინტერესებული პირისთვის.

რაც შეეხება საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის პროცედურას, ის სამართალდარღვევათა ეფექტიან პრევენციას უკავშირდება და უკვე წლებია უწყებაში მოქმედებს. აღნიშნული პროცესი მხოლოდ სარეკომენდაციო/საინფორმაციო ხასიათს ატარებს და საგადასახადო ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესთან პარტნიორულ თანამშრომლობას გულისხმობს.

დამატებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლისათვის საგადასახადო შემოწმებების მიმართულებით დაგეგმილი საოპერაციო აქტივობების მაჩვენებლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. კერძოდ, გასული წლის მე-3 კვარტალში დაგეგმილი იყო 898 საგადასახადო შემოწმების განხორციელება, ხოლო მიმდინარე წლის შესაბამისი პერიოდისათვის ანალოგიური მაჩვენებელი 960 შეადგენს. შესაბამისად, დავით პაპიაშვილის მხრიდან, სტატისტიკური მონაცემების შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებასა და დასაბუთებას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მცდარი, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები