განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური საკუთარ სახლში იმყოფებოდა. იგი საკუთარი ძმის პანაშვიდს დაესწრო. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოლიმპიურ ჩემპიონს უფლება მისცეს ძმის დაკრძალვაზე მისულიყო.
ზურაბ ზვიადაურს საშუალება მიეცა სახლში, სამძიმრის მისაღებად 2 საათით დარჩენილიყო, რის შემდეგაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
სამძიმარზე იმყოფებოდა ყოფილი დეპუტატი მირიან წერეთელი რომელმაც მომხდარს დიდი ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ ზურაბ ზვიადაური მძიმე მდგომარეობაშია:
"მძიმე მდგომარეობაშია და მივედი მივუსამძიმრე, თავისთავად ძალიან დიდი ტრაგედიაა, ნებისმიერი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ტრაგედიაა, მით უმეტეს როდესაც ეს შენს ახლობელს ემართება და შენი მეგობრის ოჯახში ტრიალებს ეს ტრაგედია," - განაცხადა მირიან წერეთელმა.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ზვიადაურს პატიმრობა გუშინ გვიან ღამით შეუფარდა. როგორც ცნობილია თელავში მომხდარ დაპირისპირებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ზურაბ ზვიადაურს ბრალდების მხარე იმ პირის მკვლელობას ედავება, რომელმაც მანამდე მის ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.