კორონავირუსს ახალნამშობიარევი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - ახალგაზრდა ექიმ-რადიოლოგს ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ნაყოფი გადარჩა და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახალნამშობიარევი ქალის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობენ ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში. მათი თქმით, ექიმებისა და პაციენტის ძალისხმევის მიუხედავად, ფილტვის ფუნქცია ძალიან დაზიანდა და ლეტალური შედეგი დადგა.
"ქირურგიული ჩვენებით ჩატარდა საკეისრო კვეთა, თავდაპირველად ის იყო CPAP-ზე, ანუ არ იყო სრულად ვენტილირებული, ვეხმარებოდით მას აპარატით. ძალიან მებრძოლი ხასიათის იყო, თვითონ ცდილობდა მაქსიმალურად დახმარებოდა სამედიცინო "სტაფს" მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შემდგომში მოხდა მისი ინტუბირება, იმიტომ, რომ ძალიან გაფუჭდა ფილტვის ფუნქცია. დაავადების გაუარესება, ზოგადი მდგომარეობა გახდა იმის მიზეზი, რომ გოგონას სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შევძელით," - აცხადებს ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩნაძე.