08 დეკემბერი 2024,   05:59
ვრცლად
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

საბერძნეთში, სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა კაცმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეზობლებს ესმოდათ ქალის ყვირილის ხმა, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა ის.

ქალი დანით არის მოკლული. მას სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი დარტყმის კვალიც.

ხმაურიანი ინციდენტის შედეგად, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომელთაც ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ასევე მეზობლების ინფორმაციით, კაცს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.

მკვლელობაში ბრალდებული კაცი საბერძნეთის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

დღის ამბები