02 მაისი 2024,   21:47
ვრცლად
"სად გეგმავდნენ კორპუსის აფეთქებას, გამოძიება დაადგენს" - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურამ სასამართლოს, ხუთივე დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.

"მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ვიდეო/აუდიო მტკიცებულებები ადასტურებს დანაშაულს. კონკრეტულად, სად გეგმავდნენ კორპუსის აფეთქებას, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ,"- აცხადებს პროკურორი გიორგი ხაჩიძე.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს სასამართლოზე ბრალდებულების, იუსუფ ცათიაშვილის და მაგამედ მაჩალიკაშვილის ადვოკატი.

"საქმის სპეციფიკურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საკმაოდ ტევადია საქმის მასალები, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ,  დეტალების გახმაურების საშუალება არ მაქვს. მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ვითხოვ გირაოს შეფარდებას, თითოეული ბრალდებულის მიმართ 3 ათას ლარს. გავრცელებული ვიდეოში, სადაც ფიცის დადება არის ასახული, იუსუფ ცათიაშვილი არ ფიგურირებს, ერთი პირის იდენტიფიცირება კი შეუძლებელია,"-ამბობს იუსუფ ცათიაშვილის და მაგამედ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ანა ლილუაშვილი.

სუსის ინფორმაციით, პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ - ფარულ ჩანაწერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

დღის ამბები