"კურიერის" ექსკლუზივი - წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ნიკა კენჭოშვილის დედა პირველად საუბრობს ვერსიაზე, რომლის თანახმად, მისი შვილი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა განზრახ მოკლა.
ნანა კენჭოშვილის განცხადებით, მის შვილს წინანდლის ტყეში ჯერ დანა დაარტყეს, შემდეგ კი ესროლეს. მოკლული ნიკა კენჭოშვილის დედის უმძიმეს ბრალდებებს დღეს არ უპასუხა თავად ზურაბ ზვიადაურმა. ის "კურიერმა" ასევე ექსკლუზიურად იმ დროს გადაიღო, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, კახეთში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირთა წრე გაფართოვდეს.
ზურაბ ზვიადაურმა განზრახ მკვლელობის საქმის დეტალებზე "კურიერის" ყველა შეკითხვას დუმილით უპასუხა.
სანამ ზვიადაურის ადვოკატები დაცვის სტრატეგიასა და განზრახ მკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებაზე მუშაობენ, მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი პროკურატურის ვერსიას სრულ ნდობას უცხადებს.
კენჭოშვილის ოჯახის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ ზვიადაურის ადვოკატები და მუშაობას აუცილებელი მოგერიების ვერსიის დასამტკიცებლად განაგრძობენ. ბრალდებულის ინტერესების დამცველებს 8 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომაზე ზვიადაურის გათავისუფლების იმედი აქვთ.
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი, გასაჩივრების მიუხედავად, პატიმრობაში რჩებიან. სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი განუხილველი დატოვა. ადვოკატები ზვიადაურის გათავისუფლებას 30 კაციანი თავდებთა სიით ან გირაოთი ითხოვდნენ.
სისხლიანი გარჩევა წინანდლის ტყეში 9 აგვისტოს მოხდა. მშენებარე ობიექტზე მუშებს შორის დილით დაწყებული შელაპარაკება საღამოს მსხვერპლით დასრულდა. საქმის მასალებით, დაპირისპირებული მხარეები შეიარაღებულები იყვნენ და პირველად ცეცხლი ძმები ზვიადაურების მეგობარმა ვასილ ცოცხალაშვილმა გახსნა. საპასუხოდ ისროლა ნიკა კენჭოშვილმა. შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური, გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ადგილზე მოკლა ნიკა კენჭოშვილი. ზვიადაური სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და განზრახ მკვლელობის ბრალს უარყოფს.