მმართველმა პარტიამ ხაშურში მერობის კანდიდატად ვალერი გელაშვილი წარადგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა.
კახა კუჭავა დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს და არჩევნებში სწორედ მმართველი პარტია გაიმარჯვებს.
"ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ ბევრი რეგიონი მოვიარეთ და კარგად ვნახეთ როგორ ვატარებთ კამპანიას, როგორია მხარდაჭერა ჩვენს მიმართ და როგორი არის ჩვენი ოპონენტების მიერ პასიურობასთან ერთად იმედგაცრუებაც, რომ მათ არჩევნებში ვერ მიაღწევენ შედეგებს. ზუსტად ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და წარვდგეთ კვლავ თქვენს წინაშე იმ შედეგებით, რომელსაც ახალ გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ.
მერი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ძლიერი საკრებულო, რომელსაც გვერდს უნდა უმაგრებდეს და ყველა იმ იდეის განხორციელებაში, რომელიც რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლებისგანაც არის მხარდაჭერილი, იქნეს ბოლომდე რეალიზებული.
ამ არჩევნებში ჩვენ დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში, მთავარი არის სიმშვიდე. მთავარი არის უზრუნველყოფილი იყოს, რაშიც ეჭვი არ გვეპარება და ჩვენ უკვე დავამტკიცეთ წინა არჩევნებზე, კონკურენტული გარემო, ფუნდამენტური უფლებით და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, სადაც თქვენ მოგეცემათ საშუალება თავისუფლად გამოხატოთ თქვენი ნება. მთავარი არის აქტიურობა, ხოლო შედეგებზე უკვე ვისაუბრებთ 4 წლის შემდეგ," - განაცხადა კახა კუჭავამ.