20 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
შეიხის ძარცვაში ეჭვმიტანილი "კურიერმა“ თბილისში იპოვა - რას ყვება 3 მილიონამდე დოლარის და 4 კგ ოქროს მოპარვაში ბრალდებული ქალი

ერაყელი სამართალდამცველები მარიკა ხუხუნაიშვილს მასშტაბური ძარცვის მთავარ ფიგურანტად განიხილავენ. მას "კურიერმა" თბილისში მიაგნო. ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან ერთად შეიხის ძარცვაშია ეჭვმიტანილი. სახლიდან გატანილია 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო.

"კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქმის მთავარი ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფს და ირწმუნება, რომ ერაყის ტერიტორია იქამდე დატოვა, სანამ მისი დამსაქმებლის სახლს გაქურდავდნენ. ხუხუნაიშვილი არ გამორიცხავს, რომ პროვოკაცია მოუწყეს. 

"ეს არის კარგად დაგეგმილი, გაჩალიჩებული, რადგან იცოდნენ, რომ მე 3 სექტემბერს ვტოვებდი ერაყს და ვიღაცამ ძარცვა სპეციალურად დაამთხვია. არანაირი შეხება ამ დანაშაულთან არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ აქვს. მე ერაყი 3 სექტემბერს დავტოვე, უკვე გასული ვიყავი ქვეყნიდან ეს დანაშაული რომ მოხდა. ჩემმა ქმარმა კი საერთოდ წინა დღეს დატოვა ქვეყანა,"- ყვება "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიკა ხუხუნაიშვილი. 

ოჯახის წევრები და ადვოკატი ძარცვაში ხუხუნაიშვილის მეუღლის, თენგიზ შაინიძის მონაწილეობასაც გამორიცხავენ. უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე ამბობს რომ ორივე ეჭვმიტანილი მზად არის შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს. 

ერაყში ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ცოლ-ქმარმა, მარიკა ხუხუნაიშვილმა და თენგიზ შაინიძემ, კიდევ ორ თანამზრახველთან ერთად მდიდარი შეიხის სახლი გაქურდეს. ნაქურდალი თანხა და დიდი ოდენობით ძვირფასეულობა კი ტყეში გადამალეს. გამოძიებამ ტაქსის მძღოლის დახმარებით გადამალულ ფულს და ოქროს მიაგნო, თუმცა როგორც უცხოური პრესა იუწყება, დამნაშავეებმა ქვეყნის დატოვება მოახერხეს.

შეიხის ძარცვის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაუმტკიცდებათ თუ არა ბრალი ქართველ ცოლ-ქმარს, ჯერჯერობით უცნობია. მათ ერაყში ადვოკატი უკვე აიყვანეს, თუმცა უკან დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

დღის ამბები