სამკერვალო ფაბრიკა "დელტა ტექსტილი," სადაც ქართველი ჯარისკაცებისთვის ფორმები იკერება, დღეს პრემიერ-მინისტრმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო. ფაბრიკა 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა, რომ თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლისა და ეკიპირების შეკერვა საქართველოში დაწყებულიყო.
საწარმოში, სადაც ძირითადად იაპონური და იტალიური წარმოების სამკერვალო დანადგარებია, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის ზამთრისა და ზაფხულის როგორც საველე, ასევე ყოველდღიური სამუშაო ფორმები იკერება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საწარმოში შეკერილი პროდუქციით ჯარისკაცები უწყვეტად მარაგდებიან.
"დელტა ტექსტილი," როგორც სახელმწიფოსა და საჯარო უწყების თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი - ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ფაბრიკის დირექტორი ნინო ნიქაბაძე, რომლის განმარტებით უახლოეს პერიოდში სამკერვალო საწარმოო პროდუქციისა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
სამკერვალო ფაბრიკა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის არსებული ფორმების გარდა, სამომავლოდ ახალ მოდელებსაც ქმნის. საწარმოში ასევე იქმნება სხვა საბრძოლო ეკიპირებაც, მაგალითად, საწვიმარი ლაბადები, მაისურები, ქუდები, ზურგჩანთები და სპორტული ტანსაცმელი.
შპს "დელტა ტექსტილი" სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" შვილობილი კომპანიაა.