სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ლანჩხუთში კვლავ სტიქიასთან გამკლავებას ცდილობენ. უხვმა ნალექმა პრობლემები მუნიციპალიტეტის 16-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნა. გზებზე განვითარდა მეწყრული პროცესები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
სოფელ ომფარეთში გზის დაზიანების შედეგად 40-მდე ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა. ვიდრე გზა არ შეკეთდება, მათ ბევრად გრძელი, შემოვლითი გზით მოუწევთ გარე სამყაროსთან კონტაქტი. მოსახლეობა დაზიანებული სახლების შესაკეთებლად დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, ყოველი გაწვიმება მათთვის საფრთხის შემცველია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ზარალს ითვლის. მათი განცხადებით, მას შემდეგ რაც გეოლოგიური დასკვნა იქნება ცნობილი, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.