საქართველოში ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია - ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი მნიშვნელოვნად იკლებს. სპეციალისტების პროგნოზით, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ვაქცინები გამოუყენებლად დაგვრჩეს და ვადა გაუვიდეს.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობას აცრისთვის მეტი მოტივაცია ჰქონდეს - ახალ გეგმას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უახლოეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წარადგენს. მედიკოსები ამ სეზონზე ვაქცინაციას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
ინფექციური საავადმყოფოს ვაქცინაციის ცენტრში, რომელიც დღეში 500 ადამიანზე მეტს ცრიდა, დღეს იმუნიზაციისთვის 50 ადამიანი მიდის. აქედან 95% ინექციას მეორედ იკეთებს. ნაკლებად მიმართავენ იმუნიზაციის ცენტრებს ის ადამიანები, რომლებიც აცრის პირველ დოზას იკეთებენ.
მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა დიდ სპეციალურ ზონაში, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას წინ უდევს მეოთხე და მე-5 ტალღა და შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობამ კვლავ მოიმატოს.
"დაატყდა მესამე ტალღა უმძიმესი თავისი მონაცემებით ქვეყანას თავს. რა შეიძლება მოხდეს და იგივე შეიძლება განმეორდეს. წინ გვიდევს მეოთხე, მეხუთე ტალღა და ეს ყველაფერი მოსალოდნელია, რომ წამოვიდეს ისევ აგრესიული ფორმები, მოიმატოს ინფიცირებულთა რაოდენობამ და ა.შ. პირველ რიგში ვაქცინაცია და ვაქცინაცია, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია," - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.