ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს.
საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.
"გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია "ოცნების" ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ.
როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.