16 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საგამოძიებო უწყებას საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები დროულად გამოიძიონ. არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნებამდე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, 2021 წლის 1 ივნისიდან 25 სექტემბრამდე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია.

"დაფიქსირდა რამდენიმე ათეული ფაქტი, სადაც საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები საუბრობენ ზეწოლაზე ან სამსახურიდან ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით. სექტემბრიდან, უკვე როდესაც ამოიწურა ვადა, კანდიდატების რეგისტრაციის არაერთმა ათეულმა კანდიდატმა, ყოველ შემთხვევაში პარტიების განცხადებით, თქვა უარი რეგისტრაციაზე, მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს მოხდა გარკვეული ზეწოლის გამო," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებლის დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერმა მმართველმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანაში უარი უნდა თქვას.

"მთავარი რეკომენდაციები არის ის ალბათ, რომ ნებისმიერმა მმართველმა პარტიამ ამ ქვეყანაში უბრალოდ უარი უნდა თქვას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. მეორე არის მნიშვნელოვანი, რომ ჩატარდეს ხოლმე ეფექტური გამოძიებები ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარი არის ზეწოლაზე, დაშინებაზე და ა.შ. და როდესაც ეს არ ტარდება, რა თქმა უნდა, ეს არის მწვანე შუქი იმათთან მიმართებაში, ვინც შეიძლება იყოს ამაში ჩართული," - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები