04 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
შეიქმნება 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და დაფინასდება 300-მდე ახალი საწარმო - პრემიერი დაგეგმილ ინვესტიციებზე

სახელმწიფოს მხარდამჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტები დღეს საზოგადოებას წარედგინა. ღონისძება პრემიერ მინისტრი ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის, სოფლის მეურნეობის პროგრამებში კი 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება.

"ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ, მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ჯამურად, ეს იქნება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება.

"რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებითაც. ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას, ბატონ ლევან დავითაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული ამ პროგრამების შექმნაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, დავამარცხოთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, "შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, საიდანაც 800 მილიონზე მეტი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა. პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კი მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული, თითქმის 190 მილიონი მთავრობის დაფინანსებაა და 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

"ჩვენ, ყველა ერთად, მთავრობა წარმოგიდგენთ ინტერაქციულ რუკას, რომელზეც ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ის პროგრამა, პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბიზნესის მხარდაჭერა და დასტაბილურება დავიწყეთ. შეიქმნა ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა და პროექტი, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“ და უამრავი სხვა მიკრო პროგრამები. შედეგად ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს 53 000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიქმნა. ჯამში 1800 ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. უფრო კონკრეტულად, მე მინდა გითხრათ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონზე მეტი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს“, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული, თითქმის 190 მილიონი არის ჩვენი მთავრობის დაფინანსება და შეიქმნა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ამ პროგრამების მთავარი იდეა და მიზანი რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, წახალისება იყო, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე, რა თქმა უნდა, ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება. დღეს წარმოდგენილ რუკაზე, რომელიც ერთად დაამუშავეს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ყველა ის პროექტი და პროგრამა არის აღნიშნული, შეტანილი, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის დაფინანსებით და ხელშეწყობით იქნა შექმნილი და წახალისებული,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები