20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ერგნეთთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა  

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ერგნეთთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა - ინფორმაციას სუსი ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თავმჯდომარეები. 

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,"- აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

დღის ამბები