20 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დასაგეგმად ბრალდებულები თურქეთში იყვენ გადასულები - გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულამდე ერთი თვით ადრე თურქეთში იმყოფებოდნენ. სწორედ იქ დაიგეგმა "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას ვაჟის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორება. პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდის ლიკვიდაციის გეგმა თურქეთიდან დაბრუნებულმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ სისრულეში 15 სექტემბერს მოიყვანეს.

ის, რომ გიორგი კავილაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში გადავიდა, მისი მეგობარი ირაკლი კეთილაძეც ადასტურებს. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩვენებაში კეთილაძე ყვება, რომ თურქეთიდან დაბრუნებული გიორგი კავილაძე ბოლოს მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს ნახა.

ჰქონდა თუ არა ირაკლი კეთილაძეს ინფორმაცია, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ მისი მეგობრები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში იმალებოდნენ, ამ კითხვით "კურიერი" დღეს ირაკლი კეთილაძის საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ის სახლში არ გამოჩენილა.

თავად ირაკლი კეთილაძის მიმართ ძიება სხვა საქმეზე მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ის უშუალოდ მონაწილეობდა აგვისტოში ერთ-ერთ ქუჩაზე პნევმატური იარაღიდან განხორციელებულ სროლაში. ჩხრეკისას მას ცეცხლსასროლი იარაღიც ამოუღეს.

ირაკლი კეთილაძეს და ძებნაში მყოფ გიორგი კავილაძეს მეგობრობის გარდა საერთო ბიზნესიც აკავშირებთ – სადგურის მოედანზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზია და საწყობი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მივიდნენ, ტანსაცმელი გამოიცვალეს და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მაღაზიის საწყობიდან აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის კუთვნილი ტანსაცმელი ამოიღეს. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ტანსაცმელზე ნიკო კვარაცხელიას სისხლის კვალი ამოვიდა.

ნიკო კვარაცხელიას საქმეზე გამოძიება გრძელდება. გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე და გავა თუ არა გამოძიება დამკვეთების კვალზე, ეს სავარაუდოდ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გაირკვევა.

დღის ამბები