20 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ნიკა კვარაცხელიას სავარაუდო მკვლელები დააკავეს - იცოდნენ თუ არა ბრალდებულის ოჯახებმა მათი ადგილსამყოფელი

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს. ძებნილები, 21 წლის აკო ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე წყნეთში აიყვანეს, თუმცა, ამ ფაქტს წინ უძღოდა მოკლულის ოჯახის მოწოდება, რომ შემსრულებლები სამართალდამცველებს ჩაბარებოდნენ.

შვილის დაკავების შესახებ მედიით და ადვოკატის მეშვეობით გაიგო განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძის მამამ. ის "კურიერთან" ამბობს, რომ შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. გამოძიების ვერსიით, სწორედ ჭელიძემ გაისროლა 10-ზე მეტჯერ, რამაც 22 წლის კვარაცხელია იმსხვერპლა.

მედიასთან კონტაქტზე არ გამოდიან მეორე ბრალდებულის, გიორგი კავილაძის ოჯახის წევრები. დაკავებამდე მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ კავილაძე დამნაშავე არ არის და მომხდარი მკვლელობის უნებლიე თანამონაწილეა. 

წყნეთში დაკავებულებს, რომლებსაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, პირდაპირ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განათავსებენ, რადგან წინასწარი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვთ. სავარაუდოდ ხვალვე შეხვდებიან მათ ადვოკატები და გაირკვევა თავად ბრალდებულების ვერსიაც, თუ ისინი დუმილის უფლებას არ გამოიყენებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შურისძიების მიზნით შეუკვეთეს. ეს ყველაფერი კი 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას საქმეს და მასთან ნიკო კვარაცხელიას მამის, ასევე ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას კავშირით იხსნება.

დაზარალებულ მხარეს მკაფიოდ გამოკვეთილი ვერსია არ აქვს, არც მათ შორის 20 წლის წინანდელი ფაქტის შესახებ, რომელიც დავით კაკულიას საქმეს ეხება.

დღის ამბები