20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
"მზიდი კედლები არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს..." - ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ბრალდებას უარყოფს. 

"არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს..." - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუშამ, რომელმაც მცირე კომენტარი მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა.

ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფთა დაპატიმრება უკანონოა.

"სიმართლე არის ის, რომ არ არის დადგენილი, თუ რამ გამოწვია ამ კორპუსის ნგრევა და ჩამოშლა. მუშა მეუბნება, რომ მიმითითა დამკვეთმა - ეს კედელი გამიტეხე, დავიწყე ამ კედლის გატეხვა, მეორე დღეს ვეღარ გავაღეთ კარი და ჩამოიშალა შენობა. 

რაც შეეხება იქ ფოტოებში რა ჩანს, ჩემთვის უცნობია," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის, ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, არსებობდა რისკი, რომ საქმეზე ბრალდებულ პირებს ურთიერთშეთანხმებით ემოქმედათ და გამოძიებისთვის ხელი შეეშალათ. ასევე შესაძლო იყო, ბრალდებულებს უკვე გამოკითხულ და მომავალში გამოსაკითხ პირებზე ზემოქმედება მოეხდინათ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. მათ დღეს პატიმრობა შეეფარდათ.

დღის ამბები