რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯვარდებული პრეზიდენტის ადვოკატები მივიდნენ. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ექსპრეზიდენტთან რამდენიმე წუთში შევლენ.
სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ დაინიშნოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესები. ადვოკატებმა დღეს სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტისთვის ზარების შეზღუდვას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
"გუშინ ჩავიბარეთ პროკურატურის დადგენილება ზარის უფლების შეზღუდვაზე. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშეა მოცემული, რომ შესაძლოა ციხიდან მიშამ მოწმეებს დაურეკოსო. 8 წლია ამ ადამიანზე დევნა მიმდინარეობს, უმაღლეს თანამდებობებზე იყო უკრაინაში და მაშინ დაურეკავდა, ვინმესთან დარეკვა რომ სდომებოდა.
რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა. ადამიანს ამდენი წელი ეძებდნენ, გულზე მჯიღს იცემდნენ, სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის და წარადგინონ სასამართლოს წინაშე, მაგრამ მათ ეშინიათ. ეშინიათ იმისი, რომ მე-2 ტურების წინ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლა უპირობოდ განმაპირობებელი იქნება "ქართული ოცნების" მარცხისა,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვა, მისი კიდევ ერთი უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, მესამე პრეზიდენტის სრულ იზოლაციას ემსახურება.