რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადასტურდა საერთო აზრი, რომ ჟენევის დისკუსიებს, როგორც უნიკალურ მრავალმხრივ პლატფორმას, რომელიც თბილისის სოხუმთან და ცხინვალთან მუდმივი, პირდაპირი და ინკლუზიური დიალოგის შენარჩუნების შესაძლებლობას წარმოადგენს, ალტერნატივა არ აქვს.
"ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთი მხრიდან საქართველოს, ხოლო მეორე მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერისთვის მუშაობაზე ფოკუსირება. აღნიშნული ამოცანის იმპერატიულობა იზრდება ნატო-ში თბილისის ჩათრევისკენ მიმართული დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რაზეც მეტყველებს უშუალოდ ქართულ ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო წვრთნები, მათ შორის ბოლო პერიოდში გამართული ალიანსის მრავალეროვნული სწავლება - "მტკიცე სული 2021".
ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ საზღვრისპირეთში შედარებით სტაბილური რჩება. რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადების თანახმად, რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა "საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე".
"კონფრონტაციული პოზიციის დაკავებით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტენდეცნიური დოკუმენტების გატანით, ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე, რომელსაც თბილისი ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განსახილველად. საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავისი ცალმხრივი და უკიდურესად პოლიტიზებული თვალსაზრისის თავს მოხვევა გაერო-ს ტრიბუნიდან, რომელზეც წვდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის კვლავ დაკეტილია, შეუძლებელს ხდის დიალოგს ჟენევის დისკუსიების ეგიდით მოცემულ პრობლემაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება.