ენგურის ორივე ნაპირზე დარჩენილების ისტორიები და თაობა, რომელსაც ომი არ უნახავს, თუმცა აფხაზეთზე ყოველდღიური ფიქრით ცხოვრობს - მათ თვალებს აფხაზეთი არასოდეს უნახავს, ომის შემდეგ, დევნილობაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. დღემდე მხოლოდ მონაყოლით იციან იქაურობაზე, იქ დარჩენილ ადამიანებზე, მშობლიურ სახლებზე, ეზოებზე, წინაპრებზე, ბებიებისა და ბაბუების საფლავებზე.
ენგურის ხიდიდან ოკუპირებული აფხაზეთის მთებს ახლა მდინარის მხოლოდ ერთი ნაპირიდან უყურებენ. წლებია საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობენ, თუმცა აქ დღეს პირველად მოვიდნენ და ემოციაც შესაბამისი აქვთ.
აფხაზეთი ბებია-ბაბუების ფოტოებიდან და მშობლების მონათხრობიდან ენატრებათ.
არასოდეს გაუვლიათ იმ ქუჩებში, სადაც მათი მშობლები და ბებია-ბაბუები გაიზარდნენ. არ უბანავიათ იმ საუცხოო ფერის ზღვაში, რომელსაც მათი ოჯახის ისტორიებში ამდენი მოგონება უკავშირდება. მათთვის აფხაზეთი მხოლოდ რუკაზე მონიშნული ადგილი არ არის - ეს დიდი ტკივილია, რომელიც დღემდე ოჯახიდან ოჯახში, თაობიდან თაობაში გადადის. ომის 33 წლიანი ისტორია და დევნილობის ამბები... ამბები ადამიანებზე, რომლებმაც ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს.
სჯერათ, რომ გაღმა ნაპირზე თანატოლები ელოდებიან და მათ გზავნილებს მოისმენენ. სჯერათ, რომ აღარც იარაღი იტყვის ამ კონფლიქტში მთავარ სათქმელს.
16 წლის მარიამი ოკუპირებული ტერიტორიიდან თანატოლებთან შესახვედრად დღეს დილით გადმოვიდა. არ უნდა, რომ უკან დაბრუნებისას პრობლემები შეექმნას, ამიტომ, სახელიც პირობითია და ასაკიც. ისიც ომის შემდეგ დაიბადა, ქართული დედამ ასწავლა, ახლა ცდილობს თვითონ ძმას ასწავლოს.
როცა ენგურის მეორე ნაპირზე გადმოდის, მდინარის გადმოღმა, აქეთ, ემოციების შეკავება უჭირს.
ენგურის ხიდი ადამიანური ურთიერთობების ხიდიცაა. აქ ალბათ ყველაზე მძაფრად იგრძნობა, რამდენად ახლოს შეიძლება იყოს იმასთან, რაც ამდენი წელია მიუწვდომელია და რაც 33 წელია გენატრება.
აქედან მეორე ნაპირამდე გზა თან ძალიან მოკლეა, თან ძალიან შორი. ზოგს ტვირთი მიაქვს, ზოგს ოჯახი მიჰყავს, გადადიან ფეხითაც, ტრანსპორტიც მოძრაობს.
ენგური ორ ნაპირს აკავშირებს, მაგრამ წლებია ადამიანების დაშორებას ვერ აქრობს.
ენგურის ხიდი მხოლოდ ხიდი კი არა, იმედიცაა. ბევრისთვის პირდაპირი მნიშვნელობით სასიცოცხლო იმედიც. აფხაზეთიდან პაციენტი ენგურის ხიდამდე მოჰყავთ, შემდეგ კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სასწრაფო დახმარების მანქანით რუხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
რუხის კლინიკიდან აფხაზეთი ხელის ერთ გაწვდენაზეა, ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს არის, ამიტომაც, ოკუპირებული ტერიტორიიდან თითქმის ყოველდღე გადმოდიან ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვთ და მკურნალობენ.
გიგა ფარფალიაც დევნილობაში გაიზარდა, ბაბუას უნდოდა, რომ ექიმი გამხდარიყო, სურვილი წლების შემდეგ შეასრულა. არაერთი აფხაზის და ქართველის სიცოცხლე გადაურჩენია. აფხაზეთი ახლაც თვალწინ აქვს - საავადმყოფოს ფანჯრებიდან ყოველდღე უყურებს, თუმცა იქ ვერ გადადის.
რუხის რესპუბლიკურ კლინიკაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტებიც ჰყავთ და მედპერსონალიც. მადლიერების ემოციურ წერილებს საავადმყოფოს ყველაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო.
კლინიკას ახლაც ბევრი პაციენტი ჰყავს, სოხუმიდან, გალიდან, ტყვარჩელიდან, კიდევ ერთი მადლიერი პაციენტი ხვალ დაბრუნდება სოხუმში
კლინიკიდან საოკუპაციო ხაზთან ერთად აფხაზეთის მთებიც ჩანს და სახლები, ზოგიერთის კარი 33 წელია გამოხურული, ზოგიერთის - დამწვარი. გიგა ფარფალიას სახლიც იქ არის, რუხის საავადმყოფოდან რამდენიმე კილომეტრშია - გალის რაიონის სოფელი წარჩეში.
მარიამი ხვალ ისევ ოკუპირებული აფხაზეთში დაბრუნდება, დანარჩენები კი აქეთ, საოკუპაციო ხაზის ახლომდებარე სოფლებში.
ენგურის ხიდზე კი ომის შემდეგ დაბადებული თაობების ოცნებები დარჩება - მალე საკუთარი თვალით ნახონ ის ადგილები, რომლებიც მათში დღემდე ცოცხლობს ძველი ფოტოსურათებითა და მშობლების მოგონებებით.