ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და წახალისების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მარათონი დაიწყო. მარათონში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პირადად მონაწილეობდნენ. მათ შიდა ქართლის 4 სოფელი მოიარეს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდეს.
"ის ნიშნული, რომელიც იყო დათქმული ჯერ კიდევ შარშან, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან მიმართებაში, გარკვეულ რეგიონებში უკვე წარმატებით არის შესრულებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარათონის ფარგლებში მოხდება რეგიონების მნიშვნელოვანი გააქტიურება და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში," - აცხადებს მინისტრი.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო და ამის ყველა მონაცემები არსებობს.