პაატა იმნაძე მძიმე ზამთარს აანონსებს - არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ზაფხულში იყო. მისი განცხადებით ვირუსის სამიზნე ის ადამიანები გახდებიან, ვისაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ვირუსი გადატანილი.
კლინიკების მობილიზება მაქსიმალურია, კოვიდმიმღებ განყოფილებებში პაციენტები უკვე ერთმანემთს ენაცვლებიან. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემა ამ დატვირთვას ჯერ უძლებს, თუმცა საზოგადოებას რეგულაციების დაცვის აუცილებლობას ახსენებენ.
ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 15 სიცოცხლე ეწირება ვირუსს. ბიძინა კულუმბეგოვი ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის საგანგაშო პროგნოზებზე საუბრობს. წინასწარი კვლევებით, დაბალი ვაქცინაციის ფონზე, საქართველოში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი.
სპეციალისტები ინფიცირების რეკორდულ ზრდას დედაქალაქში გამართულ მასშტაბურ აქციასა და კონცერტებს უკავშირებენ. მაჩვენებლების ამ მატების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ რეგულაციების დაწესების გარეშეც ერთმანეთის მიყოლებით დაიხუროს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ქვეყანას კი სავალე ჰოსპიტლები დასჭირდეს.
არსებული ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, გახდება, თუ არა საჭირო დამატებითი რეგულაციების ამოქმედება, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. თუმცა პასუხისმგებელი უწყებები ამბობენ, რომ შეზღუდვებზე გადაწყვეტილება უკიდურეს შემთხვევაში იქნება მიღებული.