04 დეკემბერი 2021,   00:06
ვრცლად
"შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდეს" - ექიმები მძიმე ეპიდვთარებას პროგნოზირებენ

გადატვირთული საავადმყოფოები და პანდემიის მეხუთე ტალღა ქვეყანაში - ეპიდვითარება საქართველოში საკმაოდ შემაშფოთებელია. აქტიურია 51 ათასზე მეტი შემთხვევა.

კლინიკებში მოთავსებულია 6 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული, აქედან მძიმედ ითვლება 1 500-მდე პაციენტის მდგომარეობა.

ამ ფონზე კი, ვაქცინაციის ტემპი კვლავ საგანგაშოდ დაბალი რჩება. მედიკოსები არ გამორიცხავენ დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებასაც და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.

"ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოცემული ეტაპისთვის, მკვეთრად გაუარესებულია. ვხედავთ, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა არის მკვეთრად მომატებული. ასევე, ძალიან მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება არ ყოფილა. იმუნიზაციის პროცესიც საკმაოდ შეფერხებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რთულ ეპიდემიოლოგიურ სურათს ქმნის და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეხუთე ტალღა ქვეყანაში ძალიან რთული იქნება, რომელთანაც გამკლავება ძალიან გაუჭირდება ჩვენს ჯანდაცვის სისტემას," - განაცხადა "ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ.

"შესაძლებელია დღევანდელი ციფრი გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს კიდეც. ჯობია რომ ზრდასრული მოსახლეობა აიცრას, რათა ნაკლები დანაკლისით გამოვიდეთ ამ ბრძოლიდან", - აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

დღის ამბები