30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულები იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. გარდა ამისა, გამოყოფილია სპეციალური ნომერი 577 35 51 51, სადაც ყველა შტაბს შეუძლია დაკავშირება და ობიექტური ინფორმაციის მიღება - ინფორმაციას ამის შესახებ ენერგო–პრო ჯორჯია ავრცელებს:
"სამწუხაროა, რომ 3600 უბნიდან 3-4 უბნებზე ელექტროენერგიის ავარიული წყვეტის შემთხვევა, ფასდება ორგანიზებულ მოქმედებად, რასაც კომპანია კატეგორიულად გამორიცხავს. "ენერგო–პრო ჯორჯიას" სადისტრიბუციო ქსელი 55 000 კილომეტრს აღემატება და ამ მასშტაბის და სირთულის ინფრასტრუქტურის ოპერირებაში, ავარიული გათიშვების გამორიცხვა თეორიულადაც შეუძლებელია. კომპანიის მიზანია ასეთ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება."- აღნიშნავენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".
"ასევე აღსანიშნავია, რომ არაერთ შემთხვევაში ადგილი აქვს საარჩევნო უბნის შიდა ქსელის დაზიანების გამო ელექტროენერგიის წყვეტას. აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობას, თუმცა როგორც წინა, ასევე მომავალი არჩევნების დროს კომპანია, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მოახდენს მაქსიმალური დახმარების გაწევას.
კომპანიის პასუხისმგებელი პირებს, მჭიდრო კავშირი აქვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მთავარი დისპეჩერი იქნება პირდაპირ კავშირზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებლთან.
თუ უამინიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი,"- აცხადებენ კომპანიაში.