მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, საპატრიარქო და სასამართლო იდენტურად - ანტიჰუმანურად იქცევიან.
"დღეს ორმა ინსტანციამ, ორმა ინსტიტუციამ გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ და რამდენადაც ვიცი, დათქმა გააკეთა მძიმე დანაშაულებზე. მეორე - ეს არის სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაუყონებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემის და რა გგონიათ, რა ქნა? ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია ანტიჰუმანურობა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააპატიმრეს, მსჯავრდებული პრეზიდენტი უკვე 35 დღეა შიმშილობს. მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა იუსტიციის უწყების განცხადებით, პენიტენციურ სამსახურს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს პენიტენციურ სამსახურის სამედიცინო დაწესებულებაში უმკურნალოს.