სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოება იკრიბება - განცხადების გასაკეთებლად ემზადება მიტროპოლიტი სტეფანე. ტერიტორიას ისევ პოლიცია აკონტროლებს.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს სამი პირის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს. დაკავებულთა შორისაა მონაზონი დანიელი (ტარიელ გვილავა) და მონაზონი ბასილი (ავთანდილ გვილავა).
დაკავებული ბერების ადვოკატი ლაშა ხოშტარია ამბობს, რომ პოლიციაში გადაყვანილი სასულიერო პირები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პირიქით, მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა მონასტერში მისული ჩოხოსნების მხრიდან:
"ძმები - ავთანდილი და ტარიელი დაკავებულები არიან, დანარჩენიც სავარაუდოდ რამდენიმე დაკავებულია, მათთან არ მქონია კომუნიკაცია. გამოსაკითხი პირებიც ჰყავთ რამდენიმე დაახლოებით 8-10 ადამიანამდეა მიყვანილი პოლიციაში. ედავებიან პოლიციის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობას. უარყოფენ ამ ფაქტს ყველაფერს, პირიქით ჩოხოსნების მხრიდან მოხდა მათ მიმართ ძალადობა და მათ მიერ იქნენ გამოყვანილი აღნიშნული პირები ტერიტორიიდან,"- განაცხადა ლაშა ხოშტარიამ.
მიტროპოლიტ სტეფანეს მოწინააღმდეგე სასულიერო პირებმა და მრევლმა მონასტრის ტერიტორიაზე შეძახილებით შეაცილეს შეკრებაზე მისული პირები. აღნიშნულმა სასულიერო პირებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.
საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.
სასულიერო პირებს, რომლებიც მეუფე სტეფანემ სექტემბრის ბოლოს ეკლესიიდან განკვეთა - სალხინოს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ. თავად განკვეთილები მიტროპოლიტის განკარგულების დამორჩილებაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას სინოდის ოფიციალურ განჩინებამდე არ დატოვებენ.
ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში დილის 6 საათიდან დაიწყო.
სალხინოს ეკლესიაში, სადაც განკვეთილი პირები წირვას ატარებდნენ, მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად შევიდა. მიტროპოლიტმა შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. მათ რამდენიმე პირი ეკლესიიდან იძულებით გაიყვანეს.