20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ვინ არიან ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კასპელი ძმები, რომლებიც 20 კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობნდნენ

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია სამოქალაქო გვარდიამ და კატალონიის პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია საქართველოს რვა და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. დაჯგუფება ბარსელონაში 40-მდე სახლის ძარცვაზეა პასუხისმგებელი.

ქართველების დაკავება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პრესა წერს, რომ ბარსელონაში გამოვლენილი დანაშაულებრივი ქსელის სათავეში ქართველი ძმები იდგნენ.

დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც 2017 წლიდან ესპანეთში ოჯახთან, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ და სოლიდურ სოციალურ დახმარებებს იღებდნენ.

"რუსთავი 2"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერები ძმები – გიორგი და ლევან ლიპარტელიანები არიან. "კურიერი" დღეს კასპში, მათ საცხოვრებელ მისამართებზეც იმყოფებოდა.

ესპანელმა სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს ამავე დაჯგუფების წევრს, 56 წლის ელგუჯა სიმსივესაც. ქუთაისში მისი მეზობლები ყვებიან, რომ დაკავებული წარსულში საქართველოშიც ნასამართლევია.

ბარსელონაში დაკავებულ ქართველებს შორის რამდენიმე ქალია. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წყვილებად იმყოფოდნენ, რათა დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ეჭვი არავის გასჩენოდა.

სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით "ბანუ" ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო მონაწილეობით ჩატარდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

სპეცოპერაციის ფარგლებში გაიჩხრიკა დაკავებულთა საცხოვრებელი 7 ბინა, საიდანაც ამოღებულია ნაძარცვი ნივთები, ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.

დღის ამბები