შესაძლებელია თუ არა თბილისის რესპუბლიკურ სავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის შეუფერხებლად გადაღება? აღნიშნული კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოდან კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიტანეს, სადაც ამ დროისთვის მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. განმარტება საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს:
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო) პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ.
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ორი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი (General Electric-ის 64 და 16-შრიანი) გამართულად ფუნქციონირებს.
რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც სასჯელაღსრულების მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ის 2021 წლის 13 მაისს შეიძინა.
ამასთანავე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უახლოეს თვეებში, მსოფლიო ბანკის გრანტით, Canon-ის 640-შრიანი უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით აღიჭურვება. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც გადაეცემა," - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.