ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის გამო კლინიკურ სექტორში სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოვიდმიმღები ცენტრია, ამბობენ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი საწოლი აღარ აქვთ. მსგავსი სიტუაციაა სხვა კლინიკებშიც. თუ მომდევნო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება, ექიმები შიშობენ, რომ მალე პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
კვლავ მაღალია დღიურად გარდაცვლილთა სტატისტიკაც, მარტო ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით 579 ადამიანი გარდაიცვალა და ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 99% აუცრელი იყო. მძიმე სტატისტიკის მიუხედავად, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვაქცინაციისგან თავს ისევ იკავებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 000 ადამიანი აიცრა, რაც სპეციალისტების შეფასებით, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
სანამ მოქალაქეების ნაწილი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, 4500-მდე პირმა თავის დაცვის მიზნით, მესამე ბუსტერ დოზაც გაიკეთა. ერთ-ერთი ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგია. ამირან გამყრელიძე დღეს Pfizer-ის ბუსტერ დოზით აიცრა და იმ დეზინფორმაციასაც უპასუხა, რომ თითქოს პრეპარატს მოხმარების ვადა გაუვიდა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები გარკვეულ სივრცეებში შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის საშუალებით შეძლებენ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა სიახლემ იმუნიზაციის პროცესზე დადებითად იმუშაოს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს არავაქცინირებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, მონაცემის მიხედვით, ინფიცირებულთა შორის 95.9%, ხოლო ჰოსპიტალიზირებულთა შორის 94.4% არ არის აცრილი. გარდაცვლილთა შორის კი 98.96% არ იყო ვაქცინირებული.