კორონავირუსით გარდაცვლილი, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის განცხადებით, 20 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ გარდაცვლილის დედა და მამა - გაიოზ ჩარკვიანი და ეკატერინე ჩარკვიანი. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს იძიებს რეგულირების სააგენტოც, ასევე ჩართულია ექსპერტიზა.
გაიოზ ჩარკვიანმა რესპუბლიკურ საავადმყოფოს კამერების ჩანაწერი მოსთხოვა, რაზეც მას განუცხადეს, რომ კამერები დაზიანებული იყო. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, ასევე ექსპერტიზა უტარდება ხელოვნური სუნთქვის აპარატს, რომელზეც ვახტან ჩარკვიანი იყო შეერთებული.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ოჯახი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და მტკნარ ტყუილს უწოდებს, თითქოს პაციენტი საავადმყოფოში მხოლოდ 12 დღე იყო მოთავსებული. გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით, მისი შვილი, ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 11 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით გადიოდა მკურნალობას. მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი "ვიტ ჯორჯია 2" იყო.