24 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
კორონავირუსის ახალი ქვეტიპისგან საქართველო ჯერჯერობით თავისუფალია, მნიშვნელოვანია სკოლები დარჩეს ღია - ჯანდაცვის მინისტრი​

კორონავირუსის ახალი ქვეტიპისგან საქართველო ჯერჯერობით თავისუფალია, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ისევ მძიმე რჩება. საგანგაშო ნიშნულს აღწევს ლეტალობის მაჩვენებელი, ბოლო 24 საათში COVID-19-ს 80 ადამიანი ემსხვერპლა, 5050 დაინფიცირდა, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 13 603-ს აღწევს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის სუსტ მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს 2 კვირაში ექნება. ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია სასკოლო დაწესებულებები არ დაიხუროს, რათა ბავშვებს განათლების საშუალება მიეცეს.

"2 კვირაში მათ ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორია ვირუსის სუსტი მიმდინარეობა, თუმცა ის 5 ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია, კვლავ ძალაში რჩება. ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, პირბადე, სოციალური დისტანცია.

მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს განათლების მიღების საშუალება მიეცეს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, საავადმყოფო კოვიდპაციენტებით კვლავ დატვირთულია. მისივე თქმით, ინტენსიური საწოლების რაოდენობა იწურება.

დღის ამბები