20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ტაქსებში და ბავშვების თანდასწრებით მოწევა იკრძალება - რეგულაცია 1 თვეში ამოქმედდება

დახურული კაფე-ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილების შემდეგ სიგარეტის მოწევა ტაქსებშიც აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად ამ ქმედებისთვის მოქალაქეებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ცვლილების ინიციატორებმა ტაქსით გადაადგილების დროს თამბაქოს მოხმარებაზე სასჯელი ადმინისტრაციული წესით განსაზღვრეს. ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე ზუსტად 1 თვე რჩება.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იანვრიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება ყველა იმ კერძო სატრანსპორტო საშუალებაშიც, რომლითაც არასრულწლოვანი მგზავრობს. არსებული კანონპროექტის გამკაცრებას "კურიერის" მიერ გამოკითხულთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა.

საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ იმუშავეს. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტში უკვე იმსჯელეს. გამკაცრების მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირებასთან ერთად ახალგაზრდების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაც არის.

ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დღეს დაიწყო. ინიციატივას მხარი ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე დაუჭირა. პარლამენტი კანონპროექტს სავარაუდოდ უახლოეს სასესიო კვირაში დაამტკიცებს. კანონში ცვლილებების შეტანას 78 დეპუტატის ხმა დასჭირდება. თამბაქოს ტაქსიში მოხმარების აკრძალვას მხარს საპარლამენტო უმცირესობაც უჭერს.

ცვლილება ძალაში პირველი იანვრიდან შედის. ტაქსიში თამბაქოს მოხმარების წესების დამრღვევს 200 ლარიანი საურავი დაეკისრება. 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათ, ვინც ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევს სიგარეტს. ყოველ მომდევნო შემთხვევაზე ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.

დღის ამბები