პირველი სხდომა ახალი მოწვევის ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში - სხვა ქალაქების მსგავსად დღეს აქაც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, თუმცა, უმრავლესობა არც აქ აქვს რომელიმე პარტიას. თავმჯდომარის ასარჩევად კი საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.
ოპოზიციონერი დეპუტატები არიან წარმოდგენილნი ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე, თუმცა დღეს სხდომას არ ესწრება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები.
ბათუმის საკრებულოში 2021 წლის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. პროცედურის მიხედვით, სხდომას საოლქო თავმჯდომარე გახსნის, რის შემდეგაც მოხდება სამანდატო კომისიის დაკომპლექტება. სწორედ სამანდატო კომისიამ უნდა სცნოს 2021 წლის მოწვევის საკრებულოს ლეგიტიმაცია. უკვე ამის შემდეგ მოხდება ფრაქციების დაკომპლექტება და თავმჯდომარის არჩევა, თუმცა ამ საკრებულოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას უმრავლესობა არ გააჩნია, რომლის გამოც დიდი ალბათობით, დღეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება. დეპუტატთა ნაწილი სწორედ ამას პროგნოზირებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ისინი დღეს თავმჯდომარის ასარჩევად არ მოსულან, მოვიდნენ იმიტომ, რომ მოხდეს ახალი საკრებულოს შემადგენლობის ლეგიტიმაციის ცნობა.
"ოპოზიციას ჰქონდა ის უმრავლესობა, რომ შეეძლო საკრებულოს შემადგენლობა, თანამდებობები დაეკომპლექტებინა და აეღო ვალდებულება, რაც დაუკვეთა ამომრჩეველმა, ეს არის საკრებულოს მართვა და მერიის კონტროლი. ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს უფლება ჩამოგვართვა. გახარიადან ერთი კაცი ხომ იყიდეს, ზეწოლების და მუქარების შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი გარდაიცვალა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს ჩვენი მოსვლა არის იმით გამოწვეული, რომ ჩვენ უნდა ვცნოთ ახალი საკრებულოს უფლებამოსილება," - ამბობს ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნოდარ დუმბაძე.
განსხვავებულია "ქართული ოცნების" დეპუტატების მოლოდინები. ისინი ამბობენ, რომ არც ქალაქის და არც ამომრჩევლის ნება პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა შევიდეს.
"სუფთა საკანონმდებლო თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო იქნება მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა თითქმის ყოველდღიურად გადის რაღაც ახალ ეტაპს, ფაქტობრივად სამართლებრივ ყველა მხარეს ტესტირებას ვუტარებთ. თუნდაც ასეთი მოცემულობით თანამშრომლობა საინტერესო იქნება სამომავლოდ," - აცხადებს ნატალია ზოიძე.
ბათუმის საკრებულოში სულ 35 მანდატია, აქედან 16 მანდატი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, 14 მანდატი "ნაციონალურ მოძრაობას". შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობის ერთი წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გარდაიცვალა, კიდევ ორი მანდატი კი პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს ეკუთვნის.