მესტია კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი - ზემო სვანეთისკენ მიმავალი სტიქიის გამო ბლოკირებული გზის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კლდის მასის ჩამოშლის და ცენტრალური გზის სრულად ბლოკირების შემდეგ დამეწყრილი ტერიტორიის გადმოკვეთა დღეს ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა მოახერხა.
მხოლოდ მათ, ვისაც აუცილებელი საჭიროება ჰქონდა, თუმცა ეს პროცესიც რისკის შემცველი იყო. ადგილობრივებს გზის გადმოკვეთისას მაშველები აცილებდნენ. მოქალაქეების ნაწილი გზაში დარჩა, ნაწილს კი უკან დაბრუნება მოუხდა.
ზუგდიდი-მესტიის გზის 46-ე კილომეტრზე მძიმე ტექნიკა რამდენიმე საათია გაწმენდითი სამუშაოებს ატარებს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიზეზი უსაფრთხოების ნორმებია. რადგან მეწყერის განახლების რისკი ისევ არსებობს ტერიტორია გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. მათი მითითებების შესაბამისად უახლოეს საათებში შემდეგი ტაქტიკა შემუშავდება. შესაძლოა საჭირო გახდეს კლდის და ჩამოშლილი დიდი ზომის ლოდების აფეთქებაც.
დილიდან ადგილზე აკვირდებიან ვითარებას სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი მიზანი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გზის მაქსიმალურად მოკლე დროში გახსნა და გაწმენდითი სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების უზრუნველყოფაა.
გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა დამოკიდებული ინება ამინდზეც. ამ დროისთვის ნალექი არ არის და მუშაობა გრძელდება. მშრალი ამინდის შენარჩუნების შემთხვევაში ადგილზე მყოფი სპეციალისტები ვარაუდობენ რომ მოძრაობის აღდგენა დილამდე მოხერხდება.