ადრონული თერაპიის ცენტრი, საქართველოში, პირველ პაციენტს 2024 წელს მიიღებს. მანამდე, ციკლოტრონები, რომელიც სწორედ ამ ცენტრში განთავსდება ტესტირებას ბელგიაში გადის. ადრონული თერაპიის ცენტრის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება. აქ 2 ციკლოტრონი განთავსდება, ისინი უკვე მომზადების ეტაპზეა. აპარატების აწყობისა და სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს, ბელგიაში პირადად გაეცნო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
2 ციკლოტრონიდან ერთი სიმსივნით დაავადებულ პირთა მკურნალობას მოხმარდება. სამედიცინო პროცედურა ულტრათანამედროვე მეთოდით - პროტონული თერაპიით ჩატარდება. ეს პროცედურა სხივური თერაპიის ფორმაა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედები კი უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი კი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესებისთვის. სრულად პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა, რომელსაც ბანკი "ქართუ" აფინანსებს.
ადრონული თერაპიის ცენტრისთვისთვის აღჭურვილობას კომპანია "IBA" ამზადებს. კომპანიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2020 წლის 28 იანვარს გაფორმდა.
სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკაც. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.