გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაამართლეს.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მოჰყვა. მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მკვლელი, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანი განზრახ მოკლა უსამართლოდ გაამართლეს. რადიკალურად განსხვავებულია მერაბ კობიაშვილის ოჯახის წევრების განცხადებები, მათი თქმით, ნაფიცმა მსაჯულებმა იურიდიული სტატუსი მისცეს იმას, რასაც ისინი ამბობდნენ, რომ მერაბ კობიაშვილი მოქმედებდა მოგერიების ფარგლებში და მკვლელობა შურისძიების მოტივით არ მომხდარა.
საუბარია 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა, სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს მერაბ კობიაშვილი, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა და თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ამბობდა რომ მომხდარი აუცილებელი მოგერიება იყო, იმისთვის რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა.