20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი გოგო სახლის კარის შემტვრევის შემდეგ მეგობრებმა იპოვეს

თბილისში, მიკახო წერეთლის ქუჩაზე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი გოგო კარის შემტვრევის შემდეგ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული. 

26 წლის გოგოს ოჯახის წევრები მასთან კონტაქტზე ვერ გავიდნენ, სწორედ ამის შემდეგ ნათესავებს დაუკავშირდნენ, რომლებიც ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, კარი შეამტვრიეს და გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო მიხაკო წერეთლის ქუჩაზე, ბინაში გირით ცხოვრობდა და ის სტუდენტი იყო. 

"ბიძაშვილმა დაურეკა მეგობრებს, რომ არ მპასუხობსო და მერე მოვიდნენ მეგობრები. ნახეს და უკვე გარდაცვლილი იყო," - ამბობს მეზობელი.

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დეტალებს მოკვლევა დაადგენს.

"სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაადგენს დანარჩენს მოკვლევა, მაგრამ ჩვენი პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, პრობლემა იყო ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი და ღია წვის კამერიანი დანადგარები. აღნიშნული დანადგარები იყო თვითნებურად დამონტაჟებული, სავარაუდოდ, სახლის მეპატრონის მიერ. უმრავლეს შემთხვევებში ესე ხდება. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ყველა აბონენტს, რომ როდესაც ქირაობენ და გადაწყვეტენ, რომ დაიქირაონ ან დაიგირაონ ბინა, მოგვმართონ ცხელ ხაზზე. ეს მომსახურება არის სრულიად უფასო, ჩვენს მიერ დათვალიერდება მათ მიერ დასაქირავებელი ბინა, მიეცემა შესაბამისი ინსტრუქციები და იცხოვრებენ ამ დაქირავებულ ბინაში უსაფრთხოდ," - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.

დღის ამბები