"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" (IRGC) ერაყიდან აშშ-ის ძალების გასვლას "ისტორიული გამარჯვება" უწოდა, რომელიც, მათი თქმით, ერაყელი ხალხის წინააღმდეგობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გადაწყვეტილების შედეგია.
"IRGC-ი ულოცავს ერაყის ამაყ ხალხს, გაერთიანებულ ისლამურ წინააღმდეგობის ფრონტს და ისლამური სამყაროს რევოლუციონერ მებრძოლებს ამ ისტორიულ გამარჯვებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, ოთხშაბათს ერაყში ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მისიის დასრულება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ISIS-ის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ 12-წლიანი ოპერაცია - Operation Inherent Resolve-ი წარმატებით დასრულდა.
აშშ-ის ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება 2024 წელს აშშ-ისა და ერაყის ხელისუფლებებმა ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს. ოთხშაბათს ორივე ქვეყნის მთავრობამ გამოთქვა რწმენა, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებს მომავალში დამოუკიდებლად შეეძლებათ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე კონტროლის შენარჩუნება.
მიუხედავად ამისა, IRGC-მა ეს მოვლენა ერაყის წინააღმდეგობის მიღწევად წარმოაჩინა და ვაშინგტონი ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო ინტერვენციის დროს რეგიონში არასტაბილურობის, ტერორიზმისა და დაუცველობის გამოწვევაში დაადანაშაულა. IRGC-ის განცხადებით, ერაყიდან აშშ-ის გასვლას რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის ყოველგვარი სამხედრო ჩართულობის დასრულებაც უნდა მოჰყვეს.
"ამერიკამ რეგიონი უნდა დატოვოს და უსაფრთხოების მართვა თავად ადგილობრივ სახელმწიფოებს უნდა დაუტოვოს", - აცხადებს IRGC-ი.